ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მოგების გადასახადი 20%-მდე ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც გაიზრდება.
“საფინანსო სექტორი არის ერთიანი, ერთადერთი გამოყოფა რაც იქნება, არის სადაზღვევო სექტორი, სადაც განსხვავებული საქმიანობაა თავისი შინაარსით. დანარჩენი საფინანსო სექტორი, როგორიცაა მიკრობანკი თუ მისო-ები, ისინი იქნებიან ერთიანი რეჟიმის ქვეშ,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.