აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დეტალური ანალიზის და დასაბუთების გარეშე ასე მარტივად ფინანსური სექტორისთვის გადასახადების 15%-დან 20%-მდე ცვლილება, არასამართლიანია.
„აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ერთი — რამდენად სამართლიანია იქნება ამ 20%-ის შემოღება ბანკებისთვის და მეორე — რამდენად შეიძლება ამ განაკვეთის დაწესება არსებული კანონმდებლობით, ანუ შეზღუდულია თუ არა მთავრობა ბანკებისთვის 20%-იანი განაკვეთი შემოიღოს. რამდენად სწორია ეს, ამას სჭირდება დეტალური ანალიზი, რადგან 5%-იანი სხვაობა, რომ ამოიღონ ბანკებიდან, სად მიიმართება ეს თანხები და რას გამოიწვევს. ამის ანალიზი არ ჩაუტარებია არავის, ერთადერთი მიზეზი ითქვა ის, რომ ბანკები დიდ მოგებაზე არიან და ბიუჯეტში ფულია საჭირო.
ვფიქრობ, რომ დეტალური ანალიზის და დასაბუთების გარეშე ასე გადასახადების ცვლილება, არასამართლიანია. ამ ლოგიკით, შესაძლოა დიდი მოგება სხვა ბიზნესებსაც ჰქონდეთ, მაშინ იქაც 20%-იანი გადასახადი უნდა შემოვიღოთ? შესაბამისად ამ გადაწყვეტილების ქვაკუთხედი ჩემთვის არ არის, რომ ბანკებს დიდი მოგება აქვთ და მოგების გადასახადში ეს დიდ სხვაობას იწვევს. მთავრობამ ამის ანალიზი უნდა შემოგვთავაზოს“, — აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.
აუდიტორული კომპანიის წარმომადგენელმა კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რადგან ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მოგების გადასახადის გაზრდის პარალელურად, ბანკებისთვის დივიდენდის 5%-იანი გადასახადის განულება იგეგმება.
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ მოგების გადასახადის უმაღლესი ზღვარი რაც არის, იმის აწევის უფლება რეფერენდუბის გარეშე არ შეიძლება. რა თქმა უნდა არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დროებით შეიძლება გაზრდა და ეს არის 3 წელი. თუმცა აქვე ისიც ითქვა, რომ ბანკებისთვის დივიდენდის გადასახადი, რაც აქამდე 5% იყო, განულდება. შესაბამისად ეს ორი ჯამში იგივე გამოდის, მაშინ ჩნდება მეორე კითხვა, რა აზრი აქვს ამ ცვლილებას? მოგების გადასახადის გაზრდის პარალელურად, ბანკებისთვის დივიდენდის 5%-იანი გადასახადის განულება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ამით თუ ტვირთი არ იზრდება, მაშინ სხვაგვარადაა საკითხი, საინტერესოა სამუდამოდ ხდება ასე თუ ეს დროებითია? დაბეგვრის სუბიექტები განსხვავდება, 15% ეკუთვნის ბანკს და მისი გადასახდელია, შესაბამისად კომპანიის მოგების გადასახადი გაიზრდება. 5%-იანი დივიდენდის გადასახადი ეკუთვნის ინვესტორს, კომპანიის მფლობელს, გამოდის რომ მათი გადასახადი შემცირდება. რამდენად აქვს ფისკალური ეფექტი უნდა დავითვალოთ. საბოლოოდ საჭიროა დეტალურად ამ ცვლილებებზე საუბარი და ინფორმაციის გასაჯაროვება.
საბოლოო ჯამში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა უფრო მეტი ანალიზი, როგორც საბანკო სექტორის ასევე სხვა ბიზნესების, რადგან არსებობენ სექტორები რომლებსაც ასევე დიდი მოგება აქვთ“, — ამბობს დავით პაპიაშვილი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.