მოლდოვა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები, რომელშიც შედის ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
მოლდოვასა და ოთხ ევროკავშირის არაწევრ ევროპულ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მხარეები იმედოვნებენ, რომ ზაფხულში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
შეთანხმება მოიცავს საქონლით ვაჭრობას, მომსახურებას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, კონკურენციას, სახელმწიფო შესყიდვებს და მდგრად განვითარებას.
ეს არის ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის პირველი შეთანხმება, რომელსაც აქვს ცალკე სექცია ელექტრონული კომერციის შესახებ.
„ძალიან დადებითია, რომ ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება მოლდოვასთან, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ თანამშრომლობას, მიუხედავად ევროპაში ომისა. ნორვეგიასა და მოლდოვას შორის ვაჭრობის გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა ნორვეგიის მრეწველობის მინისტრმა იან კრისტიან ვესტრემ.
როგორც ნორვეგიის მთავრობა აღნიშნავს, მოლდოვიდან ნორვეგიაში ძირითადი იმპორტი ავეჯი და ქსოვილია. ნორვეგიიდან მოლდოვაში ექსპორტის უმეტესი ნაწილი თევზი და ზღვის პროდუქტებია, ასევე მანქანების ნაწილები და აქსესუარები.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან ერთად 2022 წლის ივნისში მიიღო.