მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო პროევროპულმა კანდიდატმა, მაია სანდუმ. მან დაახლოებით 4 პროცენტით აჯობა პრორუსულ მეტოქეს, იგორ დოდონს. ბიულეტენების თითქმის ასი პროცენტის დათვლის შემდეგ გამოცხადდა, რომ 1 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტმა, დოდონმა, ხმათა 32,66 % მოაგროვა, ხოლო ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მაია სანდუმ - 36,1 %. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 50 პროცენტზე მეტის მიმხრობა, შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური, რომელიც ორი კვირაში, 15 ნოემბერს, გაიმართება.
პრეზიდენტი იგორ დოდონი მხარს უჭერს მჭიდრო პარტნიორობას რუსეთთან და მისი ლიდერობით მოქმედ ევრაზიულ კავშირთან. მაია სანდუ კი მოლდოვის ევროპული კურსის მტკიცე მომხრეა და მოითხოვს სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამხედრო ძალის გაყვანას.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგორ დოდონმა მეორე ტურში სძლია მაია სანდუს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმად 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 42,75%-მა.
მოლდოვა, რომელსაც 3.5 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, მკვეთრად არის გაყოფილი ორ ნაწილად მათ შორის, ვისაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა იზიდავს და მათ - ვინც ესწრაფვის ევროკავშირთან, კერძოდ კი მეზობელ, რუმინეთთან სიახლოვეს.
www.radiotavisupleba.ge