მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ქონება დააყადაღეს. როგორც შინაპატიმრობაში მყოფი იგორ დოდონი ამტკიცებს, მისი და მისი მეუღლის წინააღმდეგ საქმე ფაბრიკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
„დეტალებს ვერ გაგაცნობთ. ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომ არაფერს ვიტყვი. ეს ყველაფერი საპნის ოპერაა. მათ სურთ, ყოველდღე გააკეთონ ტელეგადაცემა დოდონის საქმეზე“, – განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა.
როგორც დოდონი ამტკიცებს, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე საჯარო სივრცეში გადაიტანოს, რითაც მოახდინოს შთაბეჭდილება მოსახლეობაზე „განზრახ შეცვლილი ციფრებით და დეტალებით“.
„ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ პროპაგანდისტული სპექტაკლის ერთ-ერთი ელემენტია იმ ობიექტების დაყადაღება, რომლებიც მე არ მეკუთვნის ან ბანკშია ჩადებული“, – განაცხადა დოდონმა.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 24 მაისს დააკავეს. მას 30 დღით შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალად სდებენ პასიურ კორუფციაში, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად სახსრების დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხრიდან მიღებაში, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე გალინა დოდონს კი, ერთ-ერთ კორუფციულ საქმეში თანამონაწილეობას ედავებიან.
მოლდოვის პროკურატურის ცნობით, დაყადაღებულია დოდონის სახლი კიშინიოვში, ოთხი ავტომობილი და მიწის ნაკვეთები.