საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო იმუნიზაციის საბჭომ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, რომ მეორე ბუსტერ დოზაზე დაშვება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას მიეცეს.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მომავალ კვირაში იქნება მიღებული.
„იმუნიზაციის ბოლო სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ასაკი შემცირდეს და 18 წლის ზემოთ ყველას ქონდეს შესაძლებლობა, რომ გაიკეთოს ვაქცინის მეოთხე დოზა, ანუ მეორე ბუსტერ დოზა.
ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირაში გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნება მიღებული. ინფექციის ასეთი მატების შემთხვევაში, ასაკის დაწევა არის მნიშვნელოვანი და 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ფორმულასთან“ საუბარში.
მისი თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის „ომიკრონის“ შტამის პიკი იანვარ-თებერვალ-მარტში იყო და მას შემდეგ უკვე საკმარისი პერიოდია გასული და რეინფიცირების ალბათობაც შესაბამისად გაზრდილია, რადგანაც იმუნიტეტი უკვე არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მეორე ბუსტერ დოზაზე დაშვება ყველა 50 წელს გადაცილებულ ადამიანს აქვს.