მომავალ კვირაში საქართველოში ამერიკელი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ წისქვილკომიტეტთან გამართავენ შეხვედრებს. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავამ მიაწოდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ადგილობრივი წისქვილკომბინატების პრობლემების გაცნობა, მთლიანი ჯაჭვის ერთმანეთთან დაკავშირება და ამერიკული მხარის გამოცდილების გაზიარებაა.
„ახლა წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ჩამოდიან. მათი ვიზიტის მიზანი ადგილობრივი წისქვილკომბინატების პრობლემების გაცნობა, მთლიანი ჯაჭვის (ადგილობრივი ხორბლის მოყვანის, რაოდენობის გაზრდის, წისქვილების მუშაობისა და პურის ქარხნების სტაბილური მუშაობის) ერთმანეთთან დაკავშირება და ამერიკული მხარის გამოცდილების გაზიარებაა. თავის მხრივ, ჩვენ ჩვენს პრობლემებს გავაცნობთ. ჩვენი წისქვილების როლი, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯაჭვში. მეორე მხრივ, პრობლემების წინაშე ვიმყოფებით, რადგან დარგი გაჩერების პირასაა და მარტში მთლიანად გაჩერდება,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში იქნება შეხვედრა სამინისტროში. ამის შემდეგ ამერიკულმა მხარემ რეკომენდაცია უნდა დადოს, რომ ქვეყანამ მთლიან ჯაჭვში სამი დარგის განვითარების სტრატეგია დადო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შარშან თხოვნით მიმართა ამერიკის მთავრობას დახმარებოდა თვითუზრუნველყოფის საქმეში ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღების გაზრდასთან დაკავშირებით.
გასული წლის ზაფხულში აშშ-ში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, აშშ-ის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში და USAID-ში.
საქართველოში დაბრუნებულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ „სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ღრმა კვლევა, ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს ამ მიმართულებით, რომ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები.“
მინისტრმა ისიც თქვა, რომ გეგმა უნდა მომზადებულიყო იმისათვის, რომ ხორბლის ადგილობრივი მოსავალი, წლების განმავლობაში, 10%-დან 50%-მდე ასულიყო. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის სოფლის მეურნეობის ერთი დელეგაცია გასული წლის ნოემბერში უკვე იყო ჩამოსული. ისინი ფერმერებს შეხვდნენ, დაათვალიერეს ნათესები და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეგვხვდნენ.