ფინანსთა სამინისტრო 2022 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა 1.237 მლრდ ლარის ვალს დაფარავს. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ ვალში როგორც შიდა, ისე საგარეო ვალი იგულისხმება. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს ხელისუფლება დაახლოებით 1,194 მლრდ ლარის საგარეო ვალს დაფარავს, ხოლო დანარჩენი 43 მლნ ლარი უშაულოდ შიდა ვალის დაფარვისთვის განაწილდება. ანუ გამოდის, რომ 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით ვალდებულებების კლების კომპონენტის გეგმა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით არ იცვლება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის გეგმასთან შედარებით, ვალდებულებების კლების მაჩვენებელი მცირდება 1,499 მლრდ ლარით, რაც დაკავშირებულია 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვასთან, რაზეც 2021 წელს მიიმართა 1.706 მლრდ ლარი. შესაბამისად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი აღარ ითვალისწინებს ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებულ ასიგნებებს.
bpn.ge