ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.
„ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სოციალური მიმართულების პროგრამა, რაც აქამდე არსებობდა, შენარჩუნებულია.
მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ინფლაციამაც დაიწყო შემცირება. დეკემბერში 9.8% ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.