„იმისათვის, რომ მომხმარებელს პროდუქტი არ გაუძვირდეს რამდენიმე რეკომენდაცია გვაქვს, რომლებიც სახელმწიფოს, მათ შორის ელჩებს, შევთავაზეთ. მათ შორისაა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადების, ასევე აქციზის განაკვეთის შემცირება, რაც არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ასევე თურქეთმაც პანდემიის პერიოდში გააკეთა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი მეწარმეები რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე 90%-ით არიან დამოკიდებულები, მცირე დროში კი ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საქართველოს ელჩებმა ქვეყანას სავაჭრო პარტნიორები უნდა მოუძებნონ.
ივა ჭყონიას აზრით, გარდა ექსპორტისა, პრობლემაა იმპორტიც, რადგან საქართველო ამ მიმართულებითაც, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული.
„ევროკავშირის ბაზარზე გადაწყობა ძალიან დაგვიანებულია, რადგან ფერმერები მოსავალს რამდენიმე თვეში ელოდებიან ჩვენ კი, 90%-ით რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. მძიმე პერიოდი გველოდება. ახლა საქართველოს თითოეული ელჩი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არის, საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში უნდა იყვნენ ჩართულები“, — ამბობს ივა ჭყონია.