GALT&TAGGART-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას გაზაფხულიდან ელის. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე ჩამოვა.
„ბოლო სხდომაზე სებ-მა საბაზისო განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა 11%-ზე. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ინფლაცია პიკიზეა, მაგრამ აპირებს შეინარჩუნოს პოლიტიკის განაკვეთი 11%-მდე მანამ, სანამ ინფლაციის კლების ტენდენცია უფრო მკაფიო არ იქნება. ჩვენი პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2023 წლის გაზაფხულზე შემცირდება. 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე შემცირება, ინფლაციის შენელების პარალელურად.
ჩვენ ველოდებით საშუალო წლიურ ინფლაციას 5.2%-მდე 2023 წელს და ვვარაუდობთ, ინფლაციას მიზნობრივთან დაახლოებას წლის ბოლოსთვის“, — აღნიშნავენ GALT&TAGGART-ში.
მონეტარული პოლიტიკის სხდომა დღეს გაიმართება. ინფლაციის მოსათოკად და ფასების ზრდის შესამცირებლად ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. 2022 წლის ბოლო, 21 დეკემბრის სხდომაზე, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.