სარეკლამო სივრცეები ავტობუსის გაჩერებებზე, ავტობუსებზე, სავაჭრო ცენტრებში, ბილბორდებზე, აეროპორტებსა და მეტროსადგურებში – როგორც ცნობილია ეს სფერო 70 პროცენტით შპს „ალმას“ ეკუთვნის, რომელიც „ვისოლის“ შვილობილი კომპანიაა.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიან უფლებას დედაქალაქის მერია უახლოეს პერიოდში აუქციონზე გაიტანს. თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რომ აუქციონში გამარჯვებულ პირს 15 წლის განმავლობაში რეკლამის განთავსებისა და აქედან შემოსავლის მიღების უფლება მიეცემა.
მიიღებს თუ არა აუქციონში მონაწილეობას სარეკლამო ბაზრის ახლანდელი მონოპოლისტი კომპანია „ალმა“? ამის გარკვევას „კომერსანტი“ „ალმას“ დირექტორთან ცდილობს და მის კომენტარს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.
თბილისში გარე რეკლამის განთავსების ფასი სხვადასხვა პირობებით განისაზღვრება და, აქედან გამომდინარე, 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება 20-დან 35 აშშ დოლარამდე მერყეობს.
სარეკლამო კომპანია „ალმას“ ქართულ ბაზარზე 25 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ამზადებს ბილბორდებს, გარე-ეკრანებს, სატრანსპორტო საშუალებების სარეკლამო ბანერებს, მეტრო სადგურების სარეკლამო ბანერებს, აეროპორტებში და ავტობუსის მოსაცდელებში ბანერებს. კომპანია 1995 წლიდან საქართველოში ლიდერია გარე რეკლამის მომსახურებაში. „ალმა“ იყო ნოვატორი კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებას.
კომერსანტი