არჩევნების შემდეგ სავალუტო ბაზარზე რყევის ნიშნები აშკარად შესამჩნევია. გარდა იმისა, რომ ლარის სტაბილურობაზე პოლიტიკური დაძაბულობა მოქმედებს, ეკონომიკური პროცესის გავლენაც დიდია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სავალუტო კურსს ძირითადად მაინც მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, რა მხრივაც ჯერჯერობით სერიოზული პრობლემაა.
გარდა ამისა, ფინანსისტები ეკონომიკური ზრდის ტემპის შესუსტებას ვარაუდობენ. ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სავალუტო რყევები გახშირდეს, რის პროცესიც ფაქტობრივად დაწყებულია.
,,ეროვნულ ვალუტაზე პოლიტიკური დაძაბულობა ისეთ გავლენას არ ახდენს, როგორც შეიძლება იმოქმედოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებამ. რამდენიმე თვის წინ, ნულოვანი ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, მაღალი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა ტემპი თანდათან შენელდება, რაც კურსზეც იმოქმედებს, სავარაუდოდ, რყევები მოსალოდნელია. პრობლემაა ის, რომ დღესდღეობით რეალური ეკონომიკური ზრდის პირობები არ არსებობს, უცხოური ვალუტის შემოდინებები შემცირებულია და, არც მომავალ პერიოდში გაგრძელდება. პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, გარკვეული სოციალური ვალდებულებები გაიზრდება და მთავრობას მოუწევს მეტის ხარჯვა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზრდის ტემპი ზომიერზე ნაკლები იქნება. ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სერიოზული ეკონომიკური რეფორმა უნდა მიმდინარეობდეს, როგორიცაა ტურიზმის გახსნა, ინვესტიციების და დასაქმების ზრდა, რამდენადაც ეს ფაქტორები ნეიტრალიზებულია, ერთადერთი გამოსავალია ადგილობრივი საწარმოების აქტივობა, ესეც ინერციული პრინციპით მიმდინარეობს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მოთხოვნა მცირდება. ეროვნული ბანკი თუ მოიწადინებს, რომ ასტიმულიროს ზრდა, მის წინაშეა ინფლაციის საშიშროება, ეკონომიკა მთლიანად ხაფანგშია მოქცეული“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ მიხეილ თოქმაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურამდე ორი დღით ადრე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს იყო მოულოდნელი ინტერვენცია, რაც თავის დაზღვევის მიზნით გაკეთდა, რათა ლარი მკვეთრად არ გაუფასურებულიყო.
რაც შეეხება ლარის ამჟამინდელ კურსს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1600 ლარი ღირს.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1620 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1631 ლარი ღირს, ევრო – 3.6512 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.3113 ლარი.