ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სავალუტო ბაზარზე კრიზისი უკვე დაიწყო.
,, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დროის ამ მომენტისატვის რუბლი გაუფასურდა და ივაჭრება ისტორიულ მინიმუმზე 86 იან ნიშნულზე, ნავთობის ფასმა $100–ს გადააჭარბა. ხოლო უნცია ოქროს ფასი $1945–მდე გაიზარდა. ჩვენი პროგნოზით, ცვლილებები სავალუტო ბაზარზე მოსალოდნელი იყო 10 მარტამდე, თუმცა მიმდინარე პროცესებმა ამ კუთხით მოვლენები დააჩქარა. თუკი ნავთობზე ეს ფასები შენარჩუნდა, მაშინ საქართველოში 2 კვირის შემდეგ კვლავ გველოდება საწვავზე ფასების ზრდა. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთზე სანქციების გაძლიერების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ ხორბლის ექსპორტი აკრძალოს. ასეთ შემთხვევაში პურზე ფასების სტაბილურობა დიდი ეჭვის ქვეშ დგება. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალია, მთავრობამ დროულად მოხსნას აქციზის გადასახადი ნავთობპოდუქტებზე, როგორც დროებითი ღონისძიება“, - აცხადებს ნიკა შენგელია.
როგორც ,,კომერსანტი“ ცოტა ხნის წინ წერდა, რუსეთს ხორბლის ექსპორტი ჩაუწვა. ექსპორტის შეწყვეტა, ცხადია, დიდ პრობლემას შეუქმნის საქართველოს, რომელიც იმპორტირებული ხორბლის 99%-ს რუსეთში ყიდულობს, ხოლო ფქვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 96%-ია.
მარი ჩიტაია