სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას დამოუკიდებლად შეძლებს. შეთანხმება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოხდა. ამ მიზნისთვის 10 მიკროავტობუსი გამოიყოფა, რომლებითაც ფერმერები პროდუქციას სამართალდამცველების კონტროლით გაიტანენ. ამასთან, მათ PCR-ტესტირება ჩაუტარდებათ, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, რაც აღებული გვქონდა PCR-ტესტები, ყველა არის უარყოფითი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღესაც ანალოგიურად მუშაობს ეპიდემიოლოგების ჯგუფები და იღებს PCR-ტესტებს, მაგრამ წინა დღეებში რომ იყო აქტივობა, ისეთი აქტივობა აღარ არის. მოსახლეობის ინფორმაციით, თითქმის ყველა ოჯახმა ჩააბარა (ტესტი), მაგრამ არის რამდენიმე კატეგორია დარჩენილი და მათზეც ვმუშაობთ, რომ გამოიკვლიონ“, - განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.
ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო ზომები მეცხრე დღეა მოქმედებს.