რუსეთის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზადაა, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ 60 დღით.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციამ გაეროს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები დღეს ჟენევაში გამართა.
აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურება.
უკრიანის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მარცვლეულის შეთანხმება მხოლოდ 60 დღით უნდა გახანგრძლივდეს, შეთანხმების პირობების დარღვევას წარმოადგენს. უკრაინელი მინისტრის ცნობით, შეთანხმება მის გახანგრძლივებას, სულ მცირე, 120 დღით ითვალისწინებს.