მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ბევრ მათგანს სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ეკლესია გასცემს რეკომენდაციას, როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს.
„პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს“, - განაცხადა ილარიონმა და აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge