მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრის ამაღლების ტაძარში ბოლო წირვა ჩაატარეს.
საეკლესიო წირვას ხელმძღვანელობდა ლავრის არქიმანდრიტი, მიტროპოლიტი პაველი (ლებედი).
წირვაზე რამდენიმე ასეული მორწმუნე შეიკრიბა, რომლებიც ტაძარში და ქუჩაში იდგნენ.
ლავრის ტერიტორიაზე ბევრი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი იმყოფებოდა.
ქადაგებისას ლებედმა განაცხადა, რომ 30 მარტს ლავრის სახელმწიფოსთვის „გადაცემის“ პროცესი დაიწყება.
წირვის შემდეგ პავლე (ლებედი) თავის რეზიდენციაში გადავიდა, შემდეგ კი მონასტერი მერსედესის მარკის ავტომობილით დატოვა.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.
29 მარტს ცნობილი გახდა, რომ კიევის ეკონომიკურმა სასამართლომ მიიღო სარჩელი ეროვნული ნაკრძალის „კიევ-პეჩერის ლავრის“ წინააღმდეგ, რომელშიც მოთხოვნილია, რომ ბათილად იქნას ცნობილი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება.
არქიმანდრიტმა პაველმა განაცხადა, რომ მას და რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებს აქვთ დარჩენის უფლება და არ აპირებენ ლავრის დატოვებას სასამართლო პროცესის დასრულებამდე.
უკრაინის ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე მონასტერი არ დაიხურება და ღვთისმსახურების ენა თანამედროვე უკრაინულთან ერთად ძველი სლავური იქნება.
რუსეთის
მართლმადიდებლური ეკლესიის თითქმის 200 სასულიერო პირს უკრაინაში შესვლა ეკრძალება.
ასევე დაწესებულია სანქციები მოსკოვის საპატრიარქოს
დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლესიის რიგი ფუნქციონერების მიმართ.
2023
წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოიძია თითქმის
60 სისხლის სამართლის საქმე მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირების წინააღმდეგ,
350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი საფუძვლიანად შემოწმდა. სასამართლომ
7 გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
გასული წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ნოემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები", რუსეთის სპეცსამსახურების "ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად".
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.