მოსკოვის სასამართლომ მეტა (Facebook, Instagram, WhatsApp) ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა. ახლა კომპანიის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია.
აკრძალვის მიზეზი გენერალური პროკურატურის სასამართლოში გაგზავნილი საჩივარი გახდა. მანამდე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსების მიმართ ძალადობისა და მკვლელობის მოწოდების ფაქტზე.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია საკუთარ პლატფორმებზე: მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) დროებით საშუალებას მისცემს, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები განათავსონ. ასევე, დაიშვება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდების შემცველი პოსტები.
11 მარტს როსკომნადზორმა რუსეთში ინსტაგრამისა და ფეისბუქის მუშაობა შეზღუდა. ასევე გადაწყდა, რომ არ შეიზღუდოს WhatsApp მესენჯერის მუშაობა.
kommersant.ru