რუსულმა რუბლმა თითქმის მთლიანად აინაზღაურა ის დანაკარგები, რაც უკრაინაში პუტინის ჯარების შეჭრის შემდეგ განიცადა. მოსკოვმა უმკაცრესი კონტროლი დაამყარა კაპიტალის მოძრაობაზე და უცხოელ ტრეიდერებს მაქსიმალურად უბლოკავს საკუთარი ინვესტიციებიდან გასვლის შესაძლებლობას. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Financial Times წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ამით გამოჩნდა, რომ კრემლმა ეროვნული ვალუტა რუსეთის გლობალური იზოლაციით გადაარჩინა, რაც, დასავლელი ექსპერტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკის ვარდნის ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.
მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 150 რუბლი ღირდა, თუმცა შემდეგ თანდათანობით აღიდგინა პოზიციები და 1–ელ აპრილს $1 – 83 რუბლი ღირს.
მოსკოვის ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს მდივანმა ოლეგ ვიუგინმა განაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა დაასტაბილურა რუბლი. თუმცა, მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მოსკოვმა რუბლის გასამყარებლად მიმართა, გადამწყვეტი როლი ითამაშა უფრო ღრმა ფინანსური კრიზისის თავიდან არიდებაში.