მოსკოვში პირველმა საქალაქო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელზეც ხინკლის საუკეთესო მჭამელებს გამოავლენენ.
რუსული მედიის ცნობით, ჩემპიონატის მონაწილეები წინასწარ დარეგისტრირდნენ და საწევროს სახით 2 500 რუბლი (დაახლოებით 100 ლარი) გადაიხადეს. პირველი დღის გამარჯვებული გახდა მოქალაქე, რომელმაც 1 წუთში 8 ხინკალი შეჭამა.
შესარჩევი ეტაპი 13 დღის განმავლობაში გაიმართება, სადაც 13 მონაწილე შეირჩევა ფინალისთვის, რომელიც 13 მარტს გაიმართება.
ჩემპიონატის პირველ დღეს მზარეულებმა 200 ხინკალი მოხარშეს და თითო მონაწილეს 15 ცალი გადაეცა. ჩემპიონატის ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეჯიბრებას ექიმები ესწრებოდნენ და მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.
ჩემპიონატში გამარჯვებული 500 000 რუბლს (20 000 ლარი) მიიღებს, მეორე ადგილზე გასული სმარტფონს iPhone 13 Pro Max, ხოლო მესამე ადგილზე გასული 50 000 რუბლს (2 000 ლარი) მიიღებს.
ტურნირის ორგანიზატორები პირველები იქნებიან, ვინც მოსკოვში ხინკლის ჭამაში პირველ ოფიციალურ რეკორდს დააფიქსირებენ.