უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დასავლეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუწესონ ახალი, გამანადგურებელი სანქციები რუსეთს.
"ბუჩას ხოცვა-ჟლეტა იყო მიზანმიმართული. რუსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ და გავაძევოთ ისინი. მე მოვითხოვ G7-ის ახალ, დამანგრეველ სანქციებს ახლავე:
- ნავთობის, გაზის, ნახშირის ემბარგო
- ყველა პორტის დახურვა რუსული გემებისა და ტვირთისთვის
- რუსეთის ყველა ბანკის გათიშვა SWIFT-იდან," - წერს კულება.
ცნობისთვის, უმძიმესი კადრები გავრცელდა გათავისუფლებული ბუჩადან, სადაც რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მისიას მოუწოდა, ჩავიდნენ ბუჩაში მტკიცებულებების შესაგროვებლად.
ამის შესახებ უკრაინის პირველმა დიპლომატმა Times UK radio-ს ეთერში ისაუბრა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები გამოყენებული იქნება საერთაშორისო და უცხოურ სასამართლოებში, რათა დაისაჯონ ისინი, ვინც ჩაიდინეს ეს სისასტიკე.
კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
"21-ე საუკუნეში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს თვალწინ ხდება. რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესია," - განაცხადა კულებამ.