გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და მისი გუნდი მუშაობენ „მარცვლეულის ინიციატივის“ ერთი წლით გახანგრძლივებაზე, რომელსაც ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს პრესსამსახური გაეროს წარმომადგენლის სტეფან დუჟარიკის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„გენერალური მდივანი და მისი გუნდი ამ საკითხებზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბ-ნი გუტერეში და მისი გუნდი ინტენსიურად მუშაობენ შავი ზღვის მარცვლეულის გაფართოებულ ინიციატივაზე“, - თქვა დუჟარიკმა.
იმავდროულად, გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ, ჩაბა კვერეშმა 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა „მარცვლეულის შეთანხმების“ მუშაობას.
„ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, რათა სრულად განვახორციელოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები პროდუქტების მიწოდება უკრაინის პორტებიდან“, - ციტირებს პრესსამსახური კვერეშას სიტყვებს.
აგრარული პოლიტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უკრაინული ბიზნესი „მარცვლეულის დერეფნის“ გაფართოების საკითხსაც აყენებს. ამგვარად, ევროპის ბიზნეს ასოციაციამ მიმართა გაეროს და თურქეთს, გააგრძელონ „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა და ნიკოლაევის პორტის ჰაბი პორტების სიაში შეიტანონ.
„მარცვლეულის დერეფანი“, რომელზედაც მხარეები: უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ აგვისტოდან ამუშავდა. სწორედ ამ დერეფნის წყალობით დატოვეს გემებმა უკრაინის საზღვაო აკვატორია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან რუსეთმა შავი ზღვის პორტების ბლოკირება მოახდინა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც გლობალური კრიზისის საწყისიც კი გახდა.