მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, დევიდ მალპასი მიიჩნევს, რომ ღარიბი ქვეყნები ვალებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ მალპასმა გერმანულ ჟურნალ WirtschaftsWoche-ს განუცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო ღარიბია სახელმწიფო, მით უფრო უჭირს, ფასების ზრდას შეეწინააღმდეგოს. მალპასი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ „მდიდარმა ქვეყნებმა თავიანთ მიდგომას უნდა გადახედონ.“
„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ღარიბი სახელმწიფოები მათი მჩაგვრელი ვალებისგან,” - აცხადებს დევიდ მალპასი.
14 აპრილს მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ და გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამამ, შიმშილის თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო ზომების მიღებისთვის ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ომმა სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა გაამწვავა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სურსათზე ფასების ერთი პროცენტული პუნქტით ზრდა მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 10 მილიონ ადამიანს გააღარიბებს.