მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-მდე გაზარდა, რაც ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია.
მსოფლიო ბანკი ინფორმაციით, 2022 წელს შექმნილმა ეკონომიკურმა გარემოებებმა - მკვეთრად გაზრდილმა გადმორიცხვებმა და ტურიზმის აღდგენამ საქართველოში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა განაპირობეს. 2023 წელს კი შედარებით დაბალი ზრდა არის მოსალოდნელი, 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული.
„დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია სავარაუდოდ, გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს,” - აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში სავარაუდოდ მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული 7 პროცენტიდან 3 პროცენტამდე 2023 წელს, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რეგიონის ქვეყნებში, უკრაინის და რუსეთის გამოკლებით ზრდა საშუალოდ 2.4% იქნება.