საფონდო ბირჟებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა მიმდინარე წელს საკუთარი აქციების გაყიდვიდან დაბალი შემოსავალი მიიღეს, რაც ბოლო 19 წლის მინიმუმია. 1-ლი იანვრიდან 9 ივნისის ჩათვლით აქციების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 196,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 70%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei წერს.
ამაზე ნაკლები საკუთარი აქციების გაყიდვებიდან მსოფლიოს კომპანიებმა 2003 წელს გამოიმუშავეს, მაშინ როცა მსოფლიო ბირჟებზე დიდი ვარდნა მოხდა.
შემოსავლების მხრივ განსაკუთრებით შემცირება დაუფიქსირდათ ამერიკულ კომპანიებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 30 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 1/6-ია იმისა, რაც მათ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიიღეს. ამგვარად ამერიკელებმა ამ მხრივ პირველი ადგილი დაუთმეს ჩინურ კომპანიებს, რომელთა შემოსავლებმა ამერიკული კომპანიების შემოსავლებს ორჯერ აჯობეს.
ექსპერტების შეფასებით, აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ვარდნა გამოწვეული იყო მთავრობების მხრიდან ფინანსური პოლიტიკის გამკაცრებით, რომელიც თავის მხრივ, ინფლაციით იყო განპირობებული, ასევე ამაზე გავლენა იქონია უკრაინის კრიზისმა.