საჰაერო სატვირთო გადაზიდვის მოცულობა მსოფლიოში მაისში წლიური კუთხით 8,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პრესრელიზში. ამასთან, 2022 წლის მაისის მონაცემები, 2019 წლის მაისთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული.
IATA-ს სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მაისში მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 0,3%-ით გაიზარდა.
ასოციაციის მონაცემებით, საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ზრდა მხოლოდ ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა და 13,8% შეადგინა. აფრიკაში მაჩვენებელი 1,5%-ით შემცირდა, ჩრდილოეთ ამერიკაში - 5,7%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (APR) - 6,6%-ით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 11,6%-ით შემცირდა, ევროპაში - 14,6%-ით.
„მაისმა სატვირთო გადაზიდვებისთვის პოზიტიური სიახლეები მოიტანა. ძირითადად, ჩინეთში „ომიკრონთან“ დაკავშირებული შეზღუდვების შერბილების გამო. აზიური წარმოების დაბრუნება, კოვიდ-საწინააღმდეგო ზომების მოხსნის პარალელურად, სატვირთო ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მაგრამ საჭიროა ყურადღებით მივადევნოთ თვალი ზოგად ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას“, – მიიჩნევს IATA-ს ხელმძღვანელი უილი უოლში.