მსოფლიო ბაზარზე პიკის შემდეგ ნავთობი მნიშვნელოვნად 20-22 დოლარით ბარელზე $109-მდე გაიაფდა, რაც 17-18 პროცენტიან კლებას ნიშნავს. საქართველოში სიტუაცია ჯერჯერობით საპირისპიროა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი, რეგულარის ტიპის ბენზინის ფასიც კი 3.65 ლარს აღწევს, პრემიუმის - 3.75-ს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნავთობის ფასმა $130-ს გადააჭარბა და 14 წლიანი რეკორდი მოხსნა. ფასების დამატებით ზრდას აშშ-ის, კანადისა და ბრიტანეთის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ემბარგომაც შეუწყო.
მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით აშშ ირანთან და ვენესუელასთან, რომელიც ნავთობის დამტკიცებული მარაგებით #1 სახელმწიფოა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. წარმატებით დაწყებული მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას ირანიდან ერაყში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით გაშვებულმა რაკეტებმა შეუშალოს ხელი.
საქართველოში საცალო ფასები წლის დასაწყისიდან იზრდებოდა, თუმცა მსოფლიო ბაზართან შედარებით უფრო დაბალი ტემპით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, რომ ა1 ლიტრი ბენზინის ღირებულებას შესაძლოა 4 ლარისთვისაც გადაეჭარბებინა. მას შემდეგ მცირედით ლარიც გამყარდა და ნავთობის ფასმაც კორექტირება განიცადა, მაგრამ ეს გაიაფების გარანტიას არ იძლევა და მაქსიმუმ ფასების ზრდის ტემპი შეამციროს.