მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. Euornews-ის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ნახშირორჟანგის გამოყოფა პლანეტაზე 5.4%-ით შემცირდა.
თუმცა, აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნის შედეგად მიმდინარე წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 4.9%-ით გაიზრდება და წლის განმავლობაში 36.4 მილიარდ ტონას მიაღწევს.
მეცნიერთა კვლევის თანახმად, 2021 წელს ქვანახშირისა და გაზის ემისია 2019 წლის დონეს აღემატება, მაშინ როცა ნავთობიდან გამონაბოლქვი კვლავ დაბალია 2019 წლის მაჩვენებელზე.
მეცნიერების განცხადების თანახმად, ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ დონესთან შედარებით გარემოში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 49%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ნავთობის გამოყენებას, 2019 წელთან შედარებით ის ჯერჯერობით 6%-ით არის შემცირებული, თუმცა ნავარაუდევია, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ის პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება.
სპეციალისტები აღნიშნული მონაცემებით შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობასთან პირდაპირ კავშირშია.
გახშირებული კლიმატური კატასტროფები, გლობალური ტემპერატურის ზრდა, ზღვის დონის მატება, დასახლებული პუნქტების დატბორვა, სხვადასხვა სახის დაავადებების გახშირება, გაუდაბნოება და სასმელი წყლის რესურსების შემცირება - ეს იმ პრობლემების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც კაცობრიობას ემუქრება, თუ გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება ამ ტემპით გაგრძელდება.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად გაერო მსოფლიოს კლიმატის ცვლილების კონფერენცის ჩატარების იდეით გამოვიდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ გლაზგოში 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბერს დასრულდება.
სამიტის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გარემოს დაბინძურებასა და ნახშირორჟანგის გამოყოფას მნიშვნელოვნად შეამცირებენ.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"