რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მრისხანე და საშიში ჰაკერული ჯგუფის REvil-ის სრული განადგურებით დასრულდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა lenta.ru წერს.
სამართალდამცავებმა ოპერაციის დროს ამოიღეს 426 მლნ. რუბლი, 600 000 დოლარი, 500 000 ევრო, კომპიუტერები, კრიპტოსაფულეები, პრემიუმ-კლასის 20 ავტომობილი და სხვა ქონება. თუმცა, ეს იყო მხოლოდ ერთი დღის შედეგი, სინამდვილეში კი საერთაშორისო სპეცოპერაცია REvil-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მასში ამერიკის, ევროკავშირის და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ. ამ დროიდან ჯგუფმა დაშლა დაიწყო, ის გამოცდილმა კადრებმა დატოვეს და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჰაკერული ჯგუფის წევრების დაკავება ამ ისტორიის მხოლოდ ფინალური აკორდია.
დაარსების დღიდან კიბერდამნაშავეთა საზოგადოების უმაღლეს მწვერვალამდე გზას მხოლოდ 3 წელი დასჭირდა - ჯგუფმა, რომელიც მოქმედებდა გამომძალველი პროგრამების გამოყენებით, 2020 წელს $100 მლნ მიითვისა.
2021 წელს მისი მადა მნიშვნელოვნად გაიზარდა - მსხვერპლებს შორის იყვნენ ისეთი კორპორაციები, როგორც Acer, Quanta Computer (Apple-ის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი), ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორც დონალდ ტრამპი, მადონა და ლედი გაგაა.
Revil მოქმედებდა ერთი და იგივე სქემით - მსხვერპლის სისტემაში აღწევდა, ავირუსებდა მას, შიფრავდა ყველა მონაცემებს და შემდეგ გამოსასყიდს ითხოვდა. როგორც წესი, ყველა იხდიდა - თუნდაც იმიტომ, რომ პოლიციაში მიმართვას აზრი არ ჰქონდა - გამოძიებას დრო დასჭირდებოდა, მსხვილი კორპორაციებისთვის კი ყოველი დღე მილიონობით დოლარის ზარალს ნიშნავდა.
2021 წლის მაისისთვის REvil-მა შეუტია ბიზნეს-სუბიექტებს ეკონომიკის 20 დარგში - ლიდერებს შორის იყვნენ წარმოება და ფინანსები. 2021 წლის პირველ კვარტალში ჯგუფმა განახორციელა 773 შეტევა. ყოველდღიურად ჰაკერული ჯგუფი 30-40 მსხვილ კომპანიას უტევდა.
2021 წლის ივნისში REvil-ის საქმიანობა პუტინის და ბაიდენის ონლაინ-შეხვედრის დროს საუბრის ერთ-ერთო თემა იყო. ვაშინგტონი ყოველთვის ეჭვობდა, რომ ჰაკერული ჯგუფების უკან კრემლი დგას, რადგანაც მოსკოვი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი აქტიურობას არ იჩენდა, ხოლო თავად ჰაკერები რუსეთს არასდროს უტევდნენ.
განსაკუთრებით აღაშფოთა ამერიკა კიბერთავდასხმამ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე, რის შედეგად, საწვავის გარეშე დარჩა აღმოსავლეთ სანაპირო, მათ შორის ნიუ-იორკი და ვაშინგტონი. მილსადენის მმართველმა კომპანიამ გამოსასყიდის სახით $5 მლნ გადაიხადა.
შემდეგ იყვნენ IT-კომპანია Kaseya, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფით ამარაგებს ამერიკის ჯარს, სანაოსნოს, საჰაერო ძალებს და ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს, ასევე მათი მცხვერპლი აღმოჩნდა ხორცის გადამამუშავებელი JBS, რომელმაც $11 მლნ გადაიხადა.
როგორც ჩანს, ბაიდენმა და პუტინმა ამ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს - ერთ თვეში REvil-ის მთელი ინფრასტრუქტურა გაითიშა. 2 თვეში ჯგუფმა აღდგენა მოახერხა და მისმა წარმომადგენლებმა ჩრდილოვან ინტერნეტში (დარკნეტში) განაცხადეს, რომ მათი გაქრობა იძულებითი ზომა იყო.
კიდევ ერთ თვეში თავად REvil გახდა ჰაკერული შეტევის მსხვერპლი და ეს გახდა აშშ-ის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგი.
ბოლო შეტყობინება REvil-ის სახელით ჯგუფის წარმომადგენელმა დარკნეტში დატოვა.
„ჩვენი სერვერები კომპრომეტირებულია, ჩვენ ყველა გვეძებს. ყველას წარმატებას გისურვებთ, ჩვენ ვითიშებით“, - დაწერა მან დარკნეტში.
სულ სპეცოპერაციაში 17 ქვეყნის სპეცსამსახურმა მიიღო მონაწილეობა.
lenta.ru