Forbes-ის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 18 წლის იტალიელი კლემენტე დელ ვეკიოა, რომელიც Ray Ban-ის მფლობელის მემკვიდრეა.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ახალი რეიტინგის მიხედვით, დელ ვეკიოს ქონება 3,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსი მან გერმანელ კევინ დევიდ ლემანს ჩამოართვა, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო გერმანული სააფთიაქო ქსელის dm-drogerie-ს წილი.
კლემენტე, ლეონარდო დელ ვეკიოს უმცროსი შვილია, რომელიც Luxottica-ს დამფუძნებელი და სათვალეების უმსხვილესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში (ფლობს Ray Ban და Oakley ბრენდებს, აწარმოებს ჩარჩოებს Chanel, Giorgio Armani, Prada და Versace-სთვის).
ლეონარდო დელ ვეკიო, იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, 2022 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრეებმა, შვიდმა შვილმა და ქვრივმა მიიღეს წილები Delfin ჰოლდინგში, რომლის მეშვეობითაც ბიზნესმენი ფლობდა წილებს Luxottica-ში, Generali სადაზღვევო კომპანიაში, Mediobanca და UniCredit ბანკებში და Covivio-ს დეველოპერულ კომპანიაში.