ბარგის შენახვის სერვისმა Bounce ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების ათეული გამოავლინა. მათგან ორი: დაბალი ფასის გამო პოპულარული რეინეარი და უკრაინის ავიახაზები საქართველოშიც ოპერირებს.
Bounce-ის შეფასებით კოლუმბიურმა Viva Air Columbia-მა ყველაზე დაფალი ქულა მიიღო. არასასურველ სიაში აღმოჩნდნენ ასევე მექსიკური, კანადური, ირლანდიური, ბრიტანული, პორტუგალიური და ესპანური ავიაკომპანიებიც.
რეიტინგი მგზავრების საჩივრებს ეფუძნებოდა. პრეტენზიები ძირითადად ბარგის რეგულაციებს, არაკომფორტულ დასაჯდომსა და ცუდ კვებას ეხებოდა.
Ukraine International Airlines 1992 წლის ოქტომბერში დაარსდა. დღეის მდგომარეობით ფრენები 88 მიმართულებით ხორციელდება, პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ქალაქებია. 2019 წელს უკრაინული ავიაკომპანია საქართველოში 208 ათას მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 4%-იანი წილი დაიკავა.
1984 წელს დაფუძნებული Ryanair საქართველოში 2019 წელს გამოჩნდა, მას კონკურენცია wizz air-ისთვის უნდა გაეწია, თუმცა რამდენიმე თვეში პანდემიაც დაიწყო და მგზავრთნაკადი მსოფლიო მასშტაბით 75-85 პროცენტით შემცირდა.
2021 წლის მდგომარეობით საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში 30-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს. მათ შორისაა როგორც დაბალბიუჯეტიანი ვიზეარი და რაინეარი, ასევე მაღალი კლასის ლუფთჰანზა და ყატარის ავიახაზები.