მთავრობის შემდეგ, მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განხილვებსა და დამტკიცებას ელოდება. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის კიდევ ერთი რგოლი გაჩნდება, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ.
მიკრობანკების კანონის მიღების მოლოდინში არიან სტატუსის მოპოვების მსურველი მისო-ებიც. ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი მიკროსაფინასოდან 4-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“, „სვის კაპიტალი“ და „ლაზიკაა“.
„ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ბესო შენგელია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მიკრობანკების სტატუსის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიმართულებით მეტ შესაძლებლობას მისცემს, გარდა ამისა გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, მას შემდეგ რაც მიკრო ბანკები იაფი დაფინანსების მოზიდვას შეძლებენ.
„შესაძლებლობა გაგვიჩნდება შევქმნათ ახალი პროდუქტები, მაგალითად, საკრედიტო ბარათების სახით, შეზღუდული დოზით დეპოზიტების მიღების შესაძლებლობაც იკვეთება, ასევე კოეფიციენტების მიმართულებით წნეხი რაც არის მიკროსაფინანსოებისთვს, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობის კუთხით, შეიცვლება. გარდა ამისა, სესხის ზომაც იზრდება. საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა საუბარი, მაგრამ ეს ასე მარტივი არ იქნება. ჩვენ მიკრობანკად ტრანსფორმაციისათვის მოთხოვნილ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, მათ შორის იმას, რომ მისოს სასესხო პორტფელის 50%-ზე მეტი ბიზნეს სესხზე მოდის“, - ამბობს ბესო შენგელია.
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ მიკრობანკების გაჩენით ბაზარზე უნდა მივიღთ მინიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კომერციული ბანკების მიერ მოზიდულ ფინანსურ რესურსებს შორის განსხვავება მინიმუმ 8%-ია. ფასთა ამ სხვაობით მისო-ები ვერ მონაწილეობენ თანაბრად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ბაზარზე. გარდა ამისა, მისო-ებს არა აქვთ არასაკრედიტო მომსახურების, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი გზავნილები და სხვათა შეთავაზების შესაძლებლობა. მიკრობანკების გაჩენით უნდა მივიღთ მინიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას“, — აღნიშნავს ბაკურაძე.
„სვის კაპიტალშიც“ აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივა მათთვის ძალიან საინტერესოა, შესაბამისად მიკრობანკად გარდაქმნისთვის ყველა საჭირო ცვლილების განხორციელებას გეგმავენ.
ცნობისთვის, მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუა რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.
მიკრობანკების რეფორმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისის მიწოდებაზე. ამ სფეროში აქტიურები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეფორმის შემდეგ მათ შეეძლებათ უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ მათ შორის საგადახდო სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები და ასევე სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ.
კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ.
მიკრობანკების საქართველოს ბაზარზე გაჩენაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. ის, როგორც შუამავალი ორგანიზაცია მიკროსაფინანსოებსა და ბანკებს შორის კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.