მთავრობამ ხელშეკრულება დაარღვია, მიზეზი შესაძლოა სამართლიანიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ინვესტორისთვის კარგი სიგნალი არ არის, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა. როგორც ბერიკაშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ წაგებული საარბიტრაჟო დავის კომენტირებისას განაცხადა, ეს არის პირდაპირი ხარჯი 75 მლნ დოლარი იქნება, თუ 112 მლნ დოლარი.
„საბოლოოდ არ ვიცი რომელს დაგვაკისრებენ. უზარმაზარი თანხაა ეს საქართველოსთვის და ამის გადახდა მოუწევს საქართველოს ანუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რაც რა საკვირველია, პრობლემაა. საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს. არავისთვის არ არის კომფორტული დავის წაგება და გადახდა, მაგრამ საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით პრობლემაა იმიტომ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული?
ტარიფის არ გაზრდის გადაწყვეტილება არ ვიცი რამდენად ეხმარება ეკონომიკას წარმატებაში. შესაძლოა, რომ გარკვეული შედეგი ქონდეს, მაგრამ ამის გათვლა რთულია. შეიძლება რაც უფრო იაფი იქნება და ხარჯი ნაკლები ექნება მწარმოებელს, ეს ბიზნესისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს რთული შესაფასებელია. ზოგადად ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს შეთანხმებების და ხელშეკრულებების დადებისას. მერე შეიძლება პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოს, მათ შორის ისეთი, რომელიც აზიანებს ქვეყანას“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.
მისი განმარტებით, კონკრეტული საქმე ქვეყნის იმიჯისთვის კატასტროფული არაა, რადგან საქართველოს საინვესტიციო იმიჯთან დაკავშირებით უფრო დიდი პრობლემებიც ახსოვს .
„არა მგონია ეს კონკრეტული შემთხვევა ქვეყნის იმიჯისთვის კატასტროფული იყოს. უფრო დიდი პრობლემებიც გვახსოვს საქართველოს საინვესტიციო იმიჯთან დაკავშირებით. ეს არ მგონია რაღაც დიდი კატასტროფა, მაგრამ მაინც კარგი არ არის იმიჯისთვის, როდესაც ქვეყანა აგებს დავას ინვესტორთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება დაარღვია, მიზეზი შესაძლოა სამართლიანიც ყოფილიყო, მაგრამ ხელშეკრულება დაირღვა და ეს ინვესტორისთვის კარგი სიგნალი არ არის“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ 76-მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.
საარბიტრაჟო დავა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, არბიტრაჟში საჩივარი „ინტერ-რაოს“ ორი ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის GARDABANI HOLDINGS B.V.-ის და SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.
კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.