„საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“ - ამ სლოგანით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
„დღეს ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს, რომელიც არის რუსული აგრესიის პირისპირ. ვითარდება იგივე სცენარი, რომელიც განვითარდა 2008 წელს საქართველოში და ძალიან სამარცხვინოა, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და საქართველის ხელისუფლების დუმილი ვერ გამოხატავს ჩვენს სათქმელს. ამიტომაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და რიგით მოქალაქეებს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს ის, რასაც ვერ აჩვენებს ქართული მთავრობა,“- ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკრაინაში მოვლენები იმავე სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს მოხდა.