საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს. მათ შორის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციის პირველი ლოტის სამუშაოებზე და სამობილიზაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება.
„მთლიანობაში პროექტი, რომელიც სამი ლოტისაგან შედგება, 225 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ დიდ და მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.