საქართველოში საწვავის ფასი შესაძლოა, 20-25 თეთრით გაიზარდოს. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.
ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, რომ არა ლარის გამყარება, ნავთობის გაძვირების გამო საწვავის ფასი დაახლოებით 40 თეთრით მოიმატებდა.
„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, 20-25 თეთრიანი ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ არა დღეს და უახლოეს მომავალში, არამედ გარკვეული ეტაპის შემდეგ“,- აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდეს გავლენას. მათ შორისაა ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნა და არასაკმარისი მიწოდება, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარება. მისი განმარტებით, თუ აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, შესაძლოა, ბარელი ნავთობის ფასმა 100-120 დოლარს მიაღწიოს.
ცნობისთვის, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $94-მდე გაიზარდა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
businessformula.ge