„მწვანე პასპორტის“ მექანიზმი ამოქმედებამ შეიძლება პირველ ეტაპზე მომხმარებლების რაოდენობა შეამციროს, თუმცა გრძელვადიანი პერიოდში ვფიქრობ, რომ მობილობა გაიზრდება “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა. მისთვის ახალი რეგულაცია მისაღებია და ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ პრინციპი აუცრელ ადამიანებს სტიმულს მისცემს, რომ აიცრან და პანდემიის დასრულებას შეუწყონ ხელი.
„მწვანე პასპორტის“ მექანიზმი ამ ეტაპზე ნაწილობრივ, მხოლოდ ფუდკურტის, გასართობი ცენტის და კინოთეატრის მიმართულებით გვეხება. თუ ეს პრინციპი მაღაზიებშიც ამოქმედდება, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით და მის დანერგვას ხელსაც შევუწყობთ. ახალი რეგულაციის დაცვა არ მგონია პრობლემატური იყოს, უბრალოდ უნდა გვითხრან, რეგულაცია როდის ამოქმედდება, რათა მოვემზადოთ. იმედი მაქვს, რომ „მწვანე პასპორტის“ მექანიზმზე გადასვლა უცებ არ მოგვიწევს. მას შემდეგ, რაც ადამიანებს ეცოდინებათ, რომ სავაჭრო ცენტრში მისული ყველა მომხმარებელი იქნება კოვიდ პასპორტიანი და უსაფრთხო, ის ადამიანებიც დაუბრუნდებიან მოლს, რომლებიც მოსვლისგან თავს იკავებდნენ“, — განაცხადა ნიკა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.