„იმისთვის რომ საქართველომ ჰაბის სტატუსს მიაღწიოს, საჭიროა ერთიანი ეკოსისტემა, მხოლოდ აუთსორსინგი და გარკვეული ტიპის სერვისების და პროექტების გადმოტანა ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებას ხელს არ უწყობს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ Klein&Pantsulaia -ს პარტნიორმა გივი ფანცულაიამ ისაუბრა.
მისი თქმით ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებისთვის საჭიროა, რომ კადრებზე მოთხოვნა ადგილობრივ ბიზნესსაც ჰქონდეს და მათთვის პირობები იყოს შექმნილი.
„ადგილობრივ ბიზნესს უნდა ჰქონდეს მოთხოვნა და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ საერთაშორისო ბიზნესი, რომელიც ადამიანური რესურს ასაქმებს, პროცესში ქართული კომპანიები უნდა იყვნენ ჩართულები, რისთვისაც საჭიროა რომ შესაბამისი პირობები იყოს შექმნილი. პირველ რიგში ეს არის კვლევებზე, განვითარებაზე და კომერციალიზაციაზე ხელმისაწვდომობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები რაც უნივერსიტეტებში ხორციელდება, კიდევ უფრო გაიზარდოს და მოხდეს ამ ცოდნის კომერციალიზაცია.
ჩვენი აქცენტი ახლა არის საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებზე, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი ამოქმედდა, ის 100-მდე კომპანიამ მიიღო.
რაც შეეხება ადგილობრივ კომპანიებს, მართალია ესენი უფრო მცირე ზომის კომპანიებია, თუმცა საკადრო რესურსებზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ მეტი ადამიანი მომზადდება და ნახავს სამუშაოს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა მთავარია, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლონ გასვლა და პროექტების მოძიება “, - აღნიშნა გივი ფანცულაიამ.