რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ გამოცხადებული ომის მე-9 დღეა. გარდა იმისა, რომ უკრაინას მოსახლეობა ტოვებს და ლტოლვილად უწევთ წასვლა, მასობრივი მიგრაციაა რუსეთიდანაც.
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება, უნდა მივიღოთ, თუ არა რუსი ტურისტები.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ისინი საკუთარ სახლებში მოდიან და მხოლოდ ერთ სამშენებლო კომპანიაში 15 000 ბინას რუსეთის მოქალაქეები ფლობენ.
„სასტუმროებში რუსი ტურისტების სიმრავლე ნამდვილად არ შეინიშნება, მომატებულია ბინების სეგმენტი თბილისში და ყველაზე მეტად ბათუმში, სადაც ძალიან ბევრ სახლს და ბინას ფლობენ. მაგალითად, მხოლოდ „ორბიში“ 15 000 ბინას რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. ისინი ახლა, საკუთარ სახლებში მოდიან. 15 000 ბინაში 70 000 ადამიანი.
კერძო სექტორს ეს ნამდვილად არ ეტყობა ჯერჯერობით, რომ რუსეთიდან ნაკადი მოდის“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ცდილობს, გადაამოწმოს ინფორმაცია „ორბიში“, რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში რამდენი უძრავი ქონებაა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Bpn.ge