იანვარში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) მხოლოდ ორი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი მოცულობა 2109 ლარს შეადგენს.
იანვარში დაფიქსირებული ორი ტრანზაქციის წყალობით, ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ 96 ლარს მიაღწია, რაც გასული თვეების მაჩვენებლებთან შედარებით მზარდი მაჩვენებელია, რადგან, ძირითადად საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ ხორციელდება.
2022 წელს სავაჭრო სესიებზე ლარში მხოლოდ 19, ხოლო დოლარში 15 გარიგება დაიდო, აქციების ღირებულებამ 13 619.37 ლარი და 2.4 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“, საქართველოს ბანკის, საქართველოს სალიზინგო კომპანიის და „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ აქციებზე დაიდო გარიგება.
შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.