საქართველოში ბევრი ლოკოკინას ფერმაა, მაგრამ აქ კონკურენცია არ არსებობს. იმდენად დიდია ლოკოკინაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ევროპაში (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია), რომ ბაზარს შეუძლია 100 000 ტონა აითვისოს, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
სარესტორნო ბიზნესი პარალელურად, შოთა ბურჯანაძე გასულ წელს ის ლოკოკინების მოშენებით დაინტერესდა და ლაგოდეხში, იტალიელ პარტნიორთან ერთად, ლოკოკინას ფერმა გააშენა. მისი თქმით, საქართველოში გაზრდილი ლოკოკინა მთლიანად ექსპორტზე გადის, რადგან ჯერ ადგილზე მოთხოვნა არაა.
„1 წლის წინ საქართველომ მიიღო ქართული პროდუქტების ევროპაში გატანის შესაძლებლობა. ამ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ლოკოკინა იყო. ეს დაემთხვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში იმყოფებოდა იტალიიდან ჩამოსული ბიზნესმენი სიმონე სამპო, რომელიც ლოკოკინების ფერმების შემქმნელია და ის საქართველოში კერასკოს მეთოდით ლოკოკინას გამრავლებას იწყებდა.
საქართველო ერთ-ერთი ძალიან კარგი პირობების ქვეყანა აღმოჩნდა ლოკოკინას გამრავლებისთვის და ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს მსოფლიოს ლოკოკინით მომარაგების ერთ-ერთი დიდი წყარო. აქ განსაკუთრებული პირობები გვაქვს, როგორც მიწის, ისე ტენიანობის თვალსაზრისით, რომ ლოკოკინას წარმოება გაიზარდოს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ლოკოკინას განვითარების და გაზრდის 2 მეთოდი არსებობს. ერთია, როცა ლოკოკინა კვერცხებს დებს და ამ გზით მრავლდება და მეორე - როცა ე.წ. baby ლოკოკინებს სვამენ ფერმაში და ზრდიან.
„ლოკოკინას განვითარების და გაზრდის 2 მეთოდი არსებობს. ლოკოკინა არის ჰერმაფროდიტი, მას შეუძლია იყოს როგორც დედალი, ისე მამალი. ის 100-მდე კვერცხს დებს და წელიწადში გამრავლების 24 ეტაპი შეიძლება ჰქონდეს ანუ 24-ჯერ შეუძლია 100 კვერცხის დადება. 6 თვე სჭირდება, რომ ზრდასრულ პერიოდს მიუახლოვდეს და იყოს პროდუქტიული გაყიდვისა და გამრავლებისთვის.
მეორე მეთოდია, როცა baby ლოკოკინებს სვამენ ფერმაში, რომელსაც მხოლოდ საკვები სჭირდება და 4-დან 5 თვეში შესაძლებელია მისი რეალიზაცია. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე არ ვოპერირებთ. მოთხოვნა არ არის და მოთხოვნა რომც იყოს, ფასი ისეთი დაბალი იქნება, რომ იმპორტიორის ფასს კონკურენციას ვერ გაუწევს. გვაქვს ლოკოკინას ფერმა ლაგოდეხში სოფელ კართუბანში.
ივნისის ბოლოსთვის მეორე ეტაპი იქნება ჩვენი ლოკოკინას გატანის, ოქტომბერში baby მეთოდით გაშენებულ ლოკოკინების ექსპორტს განვახორციელეთ და ეს მესამე გატანა იქნება, მერე კი უფრო ფართო მასშტაბებზე გადავალთ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.