გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მყარი ნარჩენების მართვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, სადაც წინასწარი კვლევის შედეგად გაანალიზებული მყარი ნარჩენების მართვის სექტორის წინაშე მდგარი პრიორიტეტული გამოწვევებია ასახული. ამასთან, დოკუმენტი მოიცავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს.
„ნარჩენების მართვის სისტემა არის ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე. თამამად შემიძლია ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელი გვაქვს, ის პროგრესული ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც სამართლებრივი, ასევე აღსრულების კუთხით გადადგა და მიაღწია ნარჩენების მართვის მიმართულებით, ნამდვილად თვალსაჩინოა. თუმცა, ბევრი გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში. ამ მხრივ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ დიალოგი, ჩართულობა და ინკლუზიურობა, არის ის საფუძველი, რომელიც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნარჩენების მართვა აღარ არის ისეთი რამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ნარჩენის მოშორებასთან და გადაგდებასთან, ეს არის სისტემა, რომელმაც შესაძლებელია ახალი მნიშვნელოვანი კარი გახსნას ჩვენს ეკონომიკაში, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მინიმუმამდე დაიყვანოს ნარჩენების წარმოქმნა და ამით ხელი შეუწყოს გარემოს დაბინძურების პრევენციას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის შეფასებით, ასეთი ფართო ჩართულობით გაწეული აქტივობა ნარჩენების მართვის კუთხით უკვე იძლევა ხელშესახებ შედეგებს.
„საჯარო და კერძო სექტორების ურთიერთობების მეთოდოლოგია არის ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გვეხმარება დავინახოთ გამოწვევები და გაცემული რეკომენდაციები გავწეროთ ჩვენს სამუშაო გეგმაში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაში პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს ასოციაციებისა და კერძო კომპანიების, USAID საქართველოს და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.