აშშ საფონდო ბირჟა Nasdaq-ი გეგმავს, რომ ბიტკოინის მაინერის Bitdeer Technologies-ის აქციები სავაჭრო ჩამონათვალს დაამატოს. ინფორმაცია კომპანიამ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში შეტანილ განცხადებაში დაადასტურა. კომპანიის აქციების ნიშანი იქნება BTDR.
Bitdeer Technologies ბირჟაზე SPAC ხელშეკრულების დახმარებით გამოჩნდება, რაც შესაძლებელი გახდა Blue Safari Group Acquisition-თან გაერთიანებით. ახალი კომპანია დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც მოსალოდნელ 4 მილიარდზე ნაკლებია.
Bitdeer-ი 2021 წლის ნოემბერში გეგმავდა Nasdaq-ის სიაში მოხვედრას, მაგრამ გარიგება არაერთხელ გადაიდო. 2022 წლის ბოლოსთვის კომპანიის მიერ ოპერირებადი მაინინგ ცენტრების ჯამური სიმძლავრე 775 მეგავატი იყო. Bitdeer-ი Jihan Wu-მ დააარსა, რომელიც ადრე Bitmain-თან თანამშრომლობდა. ჩინურმა კომპანია Genimous-მა Bitdeer-ში, 2018 წელს დაარსების დღიდან, 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.