ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს იმდენი პორტი სჭირდება რამდენსაც ბიზნესი გადაწყვეტს. ამის შესახებ მინისტრმა „ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა,რომელიც საქართველოში ორი ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას შეეხებოდა.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ის ერთი პორტიც ვერ ააშენა,რაც ხელშეკრულებით ევალებოდა, ამიტომ მათი მსჯელობა თუ რამდენი პორტი სჭირდება ქვეყანას, ჩვენთვის არაა დამაჯერებელი. იზრდება ბიზნესი, გასულ წელს კონტეინერული ტვირთების გადამუშავება 40%-ით იყო გაზრდილი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში არაერთი პორტი შეიძლება იყოს”, – აღნიშნა მინისტრმა „ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც მთავრობის მიერ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემა ანაკლიის პროექტს საბოლოოდ დაასამარებს.
რაც შეეხება ფოთის პორტს, მინისტრის თქმით, ერთი თვის ვადაში მოხდება “ეიპიემ ტერმინალსის” განცხადების განხილვა.“ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას”,-აცხადებს თურნავა.
რაც შეეხება, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალ ტენდერს, მინისტრის თქმით, სატენდერო პირობების გადახედვა მიმდინარეობს და ახალი ტენდერის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ინფორმაცია ცნობილი.