ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დიდი ოცეულის სამიტზე (G20) მყოფი NATO-ს და დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებმა, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებას კანადის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ლიდერები აწერენ ხელს.
„ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამშაბათს განახორციელა.
განვიხილეთ უკრაინის საზღვართან, აღმოსავლეთ პოლონეთში მომხდარი აფეთქება და ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში.
ვადასტურებთ, მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე. ასევე, ვადასტურებთ მზადყოფნას, ვაგებინოთ რუსეთს პასუხი უკრაინულ მოსახლეობაზე თავხედური თავდასხმებისთვის მაშინაც, როდესაც დიდი ოცეული შეკრებილია ომის უფრო ფართო შედეგებთან გასამკლავებლად. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს პოლონეთსა და უკრაინაში“, — ნათქვამია განცხადებაში.