პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი - რომლის ანტიკორუფციული ფონდიც (FBK) შარშან ხელისუფლებამ "ექსტრემისტულად" შერაცხა და აკრძალა - აცხადებს ახალი ანტიკორუფციული ორგანიზაციის დაარსებას. ჯგუფი, რომელიც განახლდება, ცნობილია საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებით კორუფციის შესახებ რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩათვლით.
ნავალნი 11 ივლისს ტვიტერით წერს, რომ ახალი ანტიკორუფციული ფონდი (ACF. International) იმუშავებს საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდის ფორმით და ეყოლება მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებს შორის იქნებიან მისი ცოლი, იულია ნავალნაია, ბელგიის ექსპრემიერი, გი ვერჰოფსტადტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი, ენ ეპლბაუმი და ამერიკელი ფილოსოფოსი, ფრენსის ფუკუიამა.
"ფონდი იქნება სრულად გამჭვირვალე და მკაფიო და მის საარსებოდ პირველი შენატანი იქნება სახაროვის პრემია (50 000 ევრო), რომელიც ევროპის პარლამენტმა მომანიჭა" - წერს ნავალნი ტვიტერით.
FBK და ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ჯგუფები - ისევე, როგორც მისი პოლიტიკური მოძრაობა - რუსეთის ხელისუფლებამ 2021 წლის ივნისში გამოაცხადა "ექსტრემისტულად" და დაშალა. ნავალნი ამბობს, რომ ახალი ორგანიზაცია, ACF, "გახდება გლობალური საერთაშორისო ფონდი", და ჯგუფის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ პუტინმა ვერ შეძლოს მისი განადგურება.
radiotavisupleba.ge