საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით გაიზარდა და ამჟამად მისი ღირებულება 74 დოლარს შეადგენს. გუშინ ნავთობის ფასი 15-თვიან მინიმუმამდე შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ნავთობი 33%-ით იყო გაიაფებული.
Reuters-ის ინფორმაციით, გლობალური საბანკო კრიზისის ფონზე არსებობდა გარკვეული შიშები ნავთობის ფასთან დაკავშირებით, თუმცა UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შეერთების შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა.
დღევანდელ ვაჭრობაში Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა 52 ცენტით (0.7%) მოიმატა და ბარელზე $74.31 შეადგინა. 52 ცენტით მოიმატა U.S West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა და ბარელზე $68.16 გახდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საბანკო კრიზისი თავიდან ავიცილეთ, გარკვეული შიშები ჯერ კიდევ არსებობს”, - განაცხადა სტივენ ბრენოკიმ, ნავთობის საბროკერო კომპანია PVM-ის წარმომადგენელმა.
ინვესტორების ინტერესი ამჟამად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებისკენაა მიმართული, მათი მოლოდინით FED საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს.