რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს გამოცხადების შემდეგ შავი ოქროს ფასი კიდევ გაიზარდა. ამჟამად Brent-ის მარკის ნავთობის ივლისის ფიუჩერსული ღირებულება $124-ს შეადგენს, რაც მარტის პიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელმა სრულ და მყისიერ ემბარგოზე უარი განაცხადა. მოსკოვს მხოლოდ ტანკერებით ექსპორტი აეკრძალება, ისიც ეტაპობრივად წლის ბოლომდე. სანქცია მილსადენს არ შეეხება.
ნავთობი მკვეთრად რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაძვირდა. ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ფასმა 2014 წლის ნიშნულს გადაასწრო. ბარელი ნავთობის ღირებულება $100-ზე მეტი ბოლოს 8 წლის წინ იყო.
2008 წელს ფასმა $140-საც გადააჭარბა, რაც დღევანდელი კურსით $180-ზე მეტია. ნავთობის ამჟამინდელი ღირებულება ახლა მხოლოდ 2008 წლის ფასს ჩამორჩება.
ფასის შესამცირებლად ან მოხმარება უნდა შემცირდეს მკვეთრად, რაც დროის მოკლევადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია ან მიწოდება უნდა გაიზარდოს. უმსხვილესი ექსპორტიორი - საუდის არაბეთი მოპოვების ზრდაზე უარს აცხადებს. ის ირანისთვის სანქციების მოხსნასაც ეწინააღმდეგება. მოლაპარაკებები ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე გრძელდება ვენესუელასთანაც, რომელიც ნავტობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფოა.
საწვავი უკიდურესად არაელასტიური პროდუქტია. მისი გაძვირება მოხმარებას ვერ ამცირებს, ან ამცირებს, მაგრამ უმნიშვნელოდ. საწვავზე ფასის ზრდა კი მგზავრობასთან ერთად დისტრიბუციასაც აძვირებს, ასევე ძვირდება მიწის დამუშავება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება რაც ინფლაციურ პროცესებზე ნეგატიურად აისახება.