რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვის შემდეგ, ევროკავშირი რუსული ემბარგოს საკითხზე კიდევ ვერ შეთანხმდა, გაჭიანურებული განხილვის ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ივლისის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $120-იანი ნიშნული კიდევ ერთხელ გადალახა.
ომის დაწყების მომენტში ნავთობის ფასი $80-ს შეადგენდა. მარტში პირველად 2008 წლის შემდეგ $130-ს გადააჭარბა. მცირედი გაიაფების შემდეგ, მაისის მეორე ნახევრიდან ფასები ისევ პლუსში გავიდა.
OPEC+ კარტელის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების ზრდაზე ვერ თანხმდებიან. საუდის არაბეთი ირანისთვის სანქციების მოხსნასა და ბაზარზე დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ვენესუელასთანაც მოლაპარაკებები ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე გრძელდება.
რუსეთის წინააღმდეგ დღეს მოქმედი სანქციები თავისი არსით უპრეცედენტოა, მაგრამ მაინც არასაკმარისი, რადგან ის ენერგორესურსებს არ მოიცავს. მართალია შეერთებულმა შტატებმა და კანადამ რუსული ენერგორესურსების იმპორტი აკრძალეს, მაგრამ მათი წილი ისედაც მცირე იყო. ნავთობზე და გაზზე გაზრდილი ფასები პუტინის რეჟიმს რუბლის გადარჩენისა და ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.
გაზის ემბარგოს საკითხი ამ ეტაპზე არც განიხილება, ნავთობის ემბარგოზე კი პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება. ყველაზე მეტ წინააღმდეგობას უნგრეთი ქმნის, მაგრამ უნგრეთი ერთადერთი არაა. კომპრომისულ ვარიანტად მილსადენით მიწოდების შენარჩუნება და ტანკერებით მიწოდების აკრძალვა სახელდება, რაც ბაზარზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.
ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში ინფლაციურ პროცესებს ახალისებს. აღსანიშნავია, რომ პლატსზე დიზელის ფასმა ბენზინისას გადააჭარბა. რადგან აგროწარმოებაში ძირითადად დიზელი გამოიყენება ეს ფაქტი ისედაც გაძვირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას კიდევ უფრო აძვირებს.
უკვე ორი თვეა, რაც საქართველოშიც საწვავის ფასი უმაღლეს ნიშნულს ინარჩუნებს. საცალო ფასი პიკის შემდეგ არც საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლებას და არც ლარის გამყარებას შეუმცირებია. საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვის მოტივით მთავრობა აქციზის გაუქმებას ან ფასის შემცირებას არ თანხმდება. დღეს არსებული ფასების პირობებში კი 1 ლიტრ საწვავში გადახდილი ფულიდან 1 ლარი აქციზისა და დღგ-ს სახით ბიუჯეტში ირიცხება.